თეგი: სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს. „უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებასა და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე. ,,პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდადებულის მსგავსად, მ. სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა, თავად მსჯავრდადებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს. მსჯავრდადებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკა-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 6 მარტს მ. სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ, იგი არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მისი უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 მარტს, მ. სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, მზადების პროცესშია გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც გაიგზავნება კანონით განსაზღვრულ ვადაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება, მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, ასევე მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსჯავრდადებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მომავალშიც იქნება, მისი მოწამვლის მცდელობა, შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახური გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას ბრალდებული მსჯავრდადებული მ. სააკაშვილის უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია გაანცხადებაში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.  

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა „ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 საათზე მიხეილ სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“. სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი  

სპეციალური პენიტენციური სამსახური: №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს, ხოლო ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას აწვდიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში 10-მდე მსჯავრდებული შიმშილობს და რომ მათ სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ყურადღება არ ექცევათ. საუბარი იყო სხვადასხვა შეზღუდვაზეც, რომლებიც პატიმრებს თითქოსდა უკანონოდ უწესდებათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 3 მსჯავრდებული. აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა მხოლოდ 14 აგვისტოს, აღნიშნული მედიასაშუალების სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ. რაც შეეხება მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე აწვდიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. სიუჟეტში ნახსენებ მსჯავრდებულ გ.ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების შემდეგ ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მიმდინარე წლის 11 და 12 აგვისტოს ის ოჯახის ექიმმა გასინჯა და მსჯავრდებულს არანაირი ჩივილები არ აღმოაჩნდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრება მსჯავრდებულებისათვის ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით, მათი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაბამისად. მაგალითისთვის, მსჯავრდებულ გ. ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დისციპლინური გადაცდომა დაუფიქსირდა, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, მას რამდენიმე დისციპლინური სახდელი დაეკისრა. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც, პირველ რიგში, აზიანებს მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს, იწვევს საზოგადოების დეზინფორმირებას, ლახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმიჯს და ემსახურება უწყების თანამშრომელთა დისკრედიტაციას’,- ნათქვამია განცხადებაში.